შთაბეჭდილებები -ახალგაზრდების სასწავლო ტურის მეოთხე დღე

11 აპრილს სასწავლო ტურის მონაწილეებმა დილით ადრე გავიღვიძეთ, რადგან 10:00 სთ-ზე წინასწარ გვქონდა დაგეგმილი შეხვედრა. ვისაუზმეთ და წავედით ორგანიზაცია ‘’ბორჯღალთან’’.

ორგანიზაციაში საკმაოდ თბილი დახვედრა მოგვიწყვეს, თემა კი ძირითადად შეეხებოდა მოხალისეობის არსს. ‘’ბორჯღალოს წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება ამ თემის შესახებ და გვიამბეს მათივე ინიციატივით შექმნილი მოხალისეთა საინფორმაციო ცენტრისა და მოხალისეთა სკოლის შესახებ, რომელიც მოიცავდა 10 დღიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. ‘’ბორჯღალის’’ წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი ჩვენთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, გაგვაცნეს ახალი და საინტერესო იდეები პროექტების დაგეგმვისა და სისრულეში მოყვანის შესახებ რამაც აღნიშნულ თემაზე ბევრად უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა.

‘’ბორჯღალთან’’ შეხვედრის შემდეგ დასვენებისა და განტვირთვის მიზნით ბათუმის ‘’პიაცაში’’ გავისეირნეთ, დავათვალიერეთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, ნაწილობრივ გავეცანით თურქულ სამზარეულოს, ვისადილეთ და ყოველივე ამის შემდეგ გავემგზავრეთ ოზურგეთში. გზადაგზა ბევრს ვმხიარულობდით, ვმღეროდით, ვყვებოდით ანეკდოტებს და ა.შ.

ოზურგეთში ჩასვლისთანავე ბატონმა პავლემ მოგვცა სახალისო დავალება რომელიც მდგომარეობდა შემდეგში, ჩვენ უნდა გავყოფილიყავით ჯგუფებად და მცირე კორესპონდენციის სახით ადგილობრივი მოსახლეობისაგან მოგვეპოვებინა ცნობები რომლებიც შეეხებოდა მათივე რეგიონს. დავალება სახალისოსთან ერთად ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა რადგან მის შესასრულებლად დაგვჭირდა გარკვეული პრაქტიკული უნარჩვევების გამოვლენა. შევიკრიბეთ ‘’გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში’’ და ჩვენს მიერ შესრულებული დავალებებიც სწორედ იქ წარვადგინეთ,  მასპინძლების თანდასწრებით. ამის შემდეგ რესურსცენტრში ჩვეულებისამებრ ჩაგვიტარდა ტრენინგი პროექტირებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შესახებ რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი ცოდნა აღნიშნულთან დაკავშირებით. გავიგეთ ბევრი ახალი რამ პროექტის წერისა და წარმოქმნილი პრობლემის სხვადასხვა გზით გადაჭრის შესახებ. შეხვედრა ჩვენთვის იყო  სასარგებლო, საინტერესო და განსხვავებული როგორც რესურსცენტრის მიდგომა აღნიშნული საკითხისადმი.

ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ გვქონდა თავისუფალი დრო, რომელიც ჩვენივე ნებისამებრ ქალაქში გასეირნებასა და გართობას დავუთმეთ.
16:30 სთ-ზე ჩვენ შევხვდით სტუდენტურ ახალგაზრდულ სათათბირო ორგანიზაციას, რამაც ჩვენში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, კერძოდ კი გაცვლითი პროექტების ხელმისაწვდომობით. ორგანიზაციამ შემოგვთავაზა მიგვეღო მონაწილეობა მათ მიერ წარმოდგენილ გაცვლით პროგრამებში სადაც მონაწილეები აირჩეოდნენ შესაბამისი კრიტერიუმებით.

ამით დღევანდელი დღის ოფიციალური მხარე დავასრულეთ და გავემგზავრეთ ქ. ქუთაისის მიმართულებით სადაც დავბინავდით სასტუმროში. ვახშმის შემდეგ პავლე თვალიაშვილის, თეა მხეიძისა და ია გურჩიანის ინიციატივით მონაწილეები შევიკრიბეთ და მოკლედ მიმოვიხილეთ დღის განმავლობაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და შთბეჭდილებები. ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც დღის განმავლობაში ათვისებული სიახლეებისათვის თვალის გადავლება, ფაქტების შეჯერება და ანალიზი. ჩვენი მშვენიერი საღამო კი დავასრულეთ მხიარულ ნოტაზე გუნდური თამაშით რომლის არსიც ერთობლიობაში მდგომარეობდა...
ფოტოები 

დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს მოსწავლეებმა:
სოფიო ცალანი
გიორგი მეკოშკიშვილი
ნოდარ ვიბლიანი