27 ივნისს კონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრის (CTC) მესტიის ოფისში
გაიმართა ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების საქმიანობების ამსახველი ღია გამოფენა.
გამოფენაში მონაწილეობას იღებდა ზემო სვანეთის 11 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და 3 საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები. ასევე ლატალის, ეცერის, ბეჩოს, ფარისა და ჭუბერის თემის ახალგაზრდები. თითოეულ ჯგუფს ჰქონდა საკუთარი სტენდი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე
გოჩა ხორგუანი. საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი
სპეციალისტი ნინო ნაკანი, მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი
დარეჯან ნიგურიანი, ზემო სვანეთის სკოლების დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
გამოფენა გახსნა პროექტის დირექტორმა ბატონმა პავლე თვალიაშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო გამოფენის მიზანი - ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა ლიდერების ერთმანეთთან საქმიანი დაკავშირება. ბატონმა პავლემ სპეციალური მადლობის სიგელი გადასცა მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ დარეჯან ნიგურიანს წლების მანძილზე CTC-ისთან თანამშრომლობისა და ახალგაზრდებისა და სკოლებისთვის განხორციელებულ არაერთ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის.
გამოფენის ძირითადი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს. თითოეული ორგანიზაციისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი საქმიანობა, დაარიგეს საქმიანობის ამსახველი ფლაერები, ისაუბრეს განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე და იმ შესაძლო სფეროებზე, სადაც ესაჭიროებათ ახალგაზრდა მოხალისეები.
ახალგაზრდებმაც გააკეთეს საკუთარი გამოცდილების (ახალგაზრდული ინიციატივები, პროექტები, ღონისძიებები) პრეზენტაცია. მათ ორგანიზაციებს წარუდგინეს საკუთარი შესაძლებლობები და გააცნეს ის შესაძლო სფეროები, რომლებშიც შეეძლოთ და სურვილი ჰქონდათ მოხალისეობის.
ორგანიზაციაში მოხალისეობის მაგალითის საილუსტრაციოდ, CTC-ის გერმანელმა მოხალისეებმა ასტრიდმა და მირიამმა, მოკლედ წარადგინეს სვანეთში ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ ახალგაზრდებისთვის განხორციელებული საქმიანობები.
პრეზენტაციების შემდეგ, არაფორმალურ გარემოში ტკბილეულსა და გამაგრილებელ სასმელთან ერთად, ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ ერთმანეთთან, ორგანიზაციებს - მოეზიდათ ახალგაზრდა კადრები, ხოლო ახალგაზრდებს - შეეთავაზებინათ საკუთარი კანდიდატურა მოხალისედ.
გამოფენის ბოლოს საზეიმო ვითარებაში მოხდა სერთიფიკატებისა და მადლობის სიგელების გადაცემა. სერთიფიკატები გადაეცათ 2013 წლის სასწავლო ტურის მონაწილე ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ახლაგაზრდებს, ასევე 2012 წლის სასწავლო ტურის მონაწილე ახალგაზრდებს. მადლობის სიგელები გადაეცათ ზემო სვანეთის იმ სკოლების დირექტორებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, სადაც ჩამოყალიბებულია სამოქალაქო კლუბი და მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების.
ღია გამოფენა გაიმართა პროექტის ,,სასწავლო ტური ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის დასავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში” ფარგლებში. ის იყო პროექტის შემაჯამებელები ღონისძიება აპრილის თვეში ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახლაგაზრდებისთვის განხორციელებული სასწავლო ტურების შემდეგ.
პროექტს ახორციელებდა ორგანიზაცია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC).
პროექტი დააფინანსა ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველო”.